რა უნდა იცოდეთ პირველკლასელთა მშობლებმა და როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი სკოლაში წასასვლელად?

ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლაში წასვლა და სკოლის პირველი დღეები სტრესთანაა დაკავშირებული. ბავშვს ახალ გარემოსთან უწევს ადაპტირება, რაც ბევრისთვის არ არის მარტივი.

გაეცანით ფსიქოლოგების რჩევებს, როგორ უნდა მოამზადოთ პირველკლასელი შვილები სკოლაში წასასვლელად:

აუხსენით ბავშვს, რომ ამიერიდან მისი ცხოვრების განრიგი შეიცვლება. უთხარით  რომელ საათზე დაიწყება და რომელზე დასრულდება სკოლა.

ჰკითხეთ ბავშვს თავისი გრძნობების შესახებ, იმაზე თუ რა განცდა აქვს სკოლაში წასვლის წინ. მოისმინეთ მისი შიშის, სიხარულის და მოლოდინების შესახებ.

ეწვიეთ სკოლას ბავშვთან ერთად სკოლის დაწყებამდე. დაათვალიერებინეთ მას საკლასო ოთახი, სადაც დროის გატარება მოუწევს. შეხვდით მასწავლებელს სკოლის პერიოდის ოფიციალურად დაწყებამდე.

უთხარით, რომ სკოლაში მას სასიამოვნო პერიოდი ელოდება და რომ ახალ მეგობრებს შეიძენს.

უთხარით მას, რომ სკოლაში წასვლის პირველ დღეს ყველა ბავშვი ნერვიულობს.

უთხარით, რომ თქვენ მასზე იფიქრებთ, როც  სკოლაში იქნება.

უთხარით ბავშვს, რომ თუ სკოლაში რაიმე პრობლემა შეექმნება, თქვენ დაეხმარებით მის მოგვარებაში.

ეცადეთ, რომ ბავშვი თავის მომავალ კლასელებს სკოლის ოფიციალურად დაწყებამდე შეხვდეს, გაიცნოს ისინი და დაუმეგობრდეს. სკოლასთან ადაპტაციას ეს  გაცილებით გაუადვილებს და როცა სკოლაში მივა, მას იქ უკვე მეგობრები ეყოლება.

ეცადეთ, რომ სკოლაში ბავშვი თავის კლასელებთან ერთად წავიდეს. შესაძლოა ისინი თქვენ მეზობლად ცხოვრობენ. ასე გაცილებით უფრო მეგობრული გარემო შეიქმნება.